შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დღიურ ნორმა შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხა სრულიად მიუღებელია

muthscandy.com

104 260 კგ შოკოლადისა და 125 კგ კარამელის კანფეტის შესყიდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხა მიუღებელია და ეს ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე მაშველების დემოტივაციას ემსახურება.

"გვსურს, განვმარტოთ, რომ შს სამინისტრო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას ახორციელებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კონტიგენტისთვის. მისი საერთო რაოდენობა, დღეში, დაახლოებით, 5 ათას პირს შეადგენს.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით. ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით, 300კგ შოკოლადის ნაწარმი.

საქართველოს შს სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642-ე ბრძანების საფუძველზე, საკვები პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომელიც არის საჯარო და გამჭვირვალე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.

კომენტარები