დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

ადვოკატი: სანამ ზოგ კითხვას დეკანოზი უპასუხებს, ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, სავარაუდოდ, ხვალ პროკურატურისგან დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიას მოითხოვენ. ისინი უწყებას წერილობით მიმართავენ.

როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკითხვისას გიორგი მამალაძემ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მათ მას შემდეგ უპასუხებდა, რაც მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნებოდა უზრუნველყოფილი.

სხვა დეტალებზე ადვოკატები ვერ საუბრობენ, რადგან დაკითხვა ჯერჯერობით დასრულებული არ არის. მათივე თქმით, დაკითხვა, დიდი ალბათობით, ხვალ გაგრძელდება. 

პროკურორები და ადვოკატები დეკანოზთან 27 თებერვლის 11:00 საათზე შევიდნენ და საპატიმრო დაწესებულება 24:00 საათზე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. 27 თებერვალს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამტკიცებდა, რომ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია. დეკანოზის ადვოკატის თქმით, ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

კომენტარები