დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: დეკანოზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართეთ

რუსთავი 2

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. პროკურატურის წარმომადგენლები და დეკანოზის ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა, მთავარ პროკურატურაში ჩააბარეს განცხადება მამა გიორგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"დღეს დილით ადვოკატები ვიყავით მთავარ პროკურატურაში და ჩავაბარეთ განცხადება მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, გაგრძელდეს მისი დაკითხვა. ვერც ბრალდების მხარე და ვერც მე ვერ დავასახელებთ გვარებს, ვისზეც საუბარი იყო გუშინ, მით უმეტეს, სანამ დაკითხვის პროცესი არ არის დასრულებული. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი. მამა გიორგის მიერ მიცემული ჩვენებით ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი და იმედია, საქართველოს მთავარი პროკურტურა დაფიქრდება ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით", - ამბობს ადვოკატი.

გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ დაკითხვა დღესაც 8 საათი გაგრძელდეს.

"შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი ბრალდება, რაც იყო ციანიდის საქმესთან და იარღთან დაკავშირებით, მან თავიდან ბოლომდე, რისი მოსწრებაც გუშინ შესაძლებელი იყო, მისცა ჩვენება. უბრალოდ მთავარი პროკურატურის მიერ იყო დასმული ზოგადი შეკითხვები, ზოგადად საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ის უბრალოდ იმიტომ იკავებს თავს, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. როცა საქართველოს პროკურატურისგან მივიღებთ პასუხს, ჩვენ იმ კითხვებზეც გავცემთ პასუხს. ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე უშუალოდ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ არ პასუხობს", - თქვა ადვოკატმა დაკითხვის დაწყებამდე.

გუშინ პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, მამა გიორგი მამალაძე ციანიდით გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს აცხადებდა, რომ მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში პროკურატურამ განმარტა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ადვოკატის განცხადებით კი, ბრალში პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზეა საუბარი.

კომენტარები