დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, მას 35.4 ჰქონდა ტემპერატურა, ასევე ღებინება და დაბალი არტერიული წნევა, თუმცა ექიმმა დაკითხვის გადადება საჭიროდ არ ჩათვალა. დაცვის მხარის მოთხოვნით, დაკითხვა გადაიდო, გამომძიებლები კი მიიჩნევენ, რომ მამა გიორგიმ დაკითხვა ჩაშალა.

"მამა გიორგი მამალაძეს აქვს 35.4 სიცხე, აქვს ციება, ღებინება, აქვს დაბალი არტერიული წნევა და ადამიანი არის ცუდად. აბსურდია, რომ ექიმი ოთარ ტრაპაიძე თანახმა იყო, დაკითხვა გაგრძელებულიყო. როდესაც ვკითხე, მისთვის რამდენია ნორმალური სიცხე და წნევა, ამბობს, რომ არ იცის. დავუსვი ექიმს კითხვები და არ იცის, რატომ ჰქონდა მამა გიორგის ღებინება", - თქვა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიმართავს სასულიერო პირებს, იფიქრონ მამა გიორგის სიცოცხლეზე.

"ჩვენ უკვე მზად ვიყავით, რომ დაწყებულიყო დაკითხვა. შევამჩნიე, რომ ნამდვილად შეუძლოდ იყო და ექიმმა, რომელმაც მითხრა, რომ სჯობს დაისვენოს და არა შეისვენოს. შემდეგ უკვე პროკურორთან როცა ვთხოვე შემოსვლა და ვთხოვე, განმიმარტეთ, იმ წუთშივე დასვენება გადააკეთა შესვენებად. პროკურატურა გამოდის და ოქმს აკეთებს შემდეგი შინარსით, რომ თურმე მამა გიორგი უარს ამბობს ჩვენებაზე. მაინცდამაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი, რომ არ დაიკითხოს? ამიხსენით, 40-იანი წლების ფაშისტურ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობ და კონცლაგერებს ვაკეთებთ აქ იმიტომ, რომ ვიღაცამ თავისი ანგარება გადააბრალოს სხვას... არ მესმის. სად ვცხოვრობთ? მინდა, მივმართო სასულიერო პირებს: სანამ კიდევ რწმენა მაქვს, მე პირადად, მიშიკო რამიშვილს, კეთილი ინებეთ ყველამ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ", - ამბობს ადვოკატი.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მამა გიორგის შეეძლო დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღება, თუმცა დაკითხვა ჩაშალა.

"როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რაც იგეგმებოდა, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმები, ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული 2-ჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი.

გვაქვს ექიმების თანხმობა, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია, იგი თავისუფლად საუბრობს და გადაადგილდება, 2 საათი ხვდებოდა და ესაუბრებოდა მის ადვოკატს და როგორ შეიძლება, აიხსნას ის ფაქტი, რომ ჩვენთან საუბარი მას არ შეუძლია. აბსოლუტურად ნორმაშია მისი მდგომარეობა, უბრალოდ, მათ კიდევ ერთხელ ჩაშალეს დაკითხვა.

დიახ, ოქმში ექიმის მიერ წერია, რომ მისი ტემპერატურა 35 გრადუსია. მოგეხსენებათ, იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება, ვერ იყოს ბრალდებული და სტრესი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საათების განმავლობაში ხვდება ადვოკატს და ესაუბრება, რატომ არ შეუძლია ჩვენთან შეხვედრა და საუბარი. მან თავი აარიდა ჩვენს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემას და გამოჩნდა დღესაც, როგორი დაინტერესებული არიან თანამშრომლობით", - ამბობს პროკურორი.

პროკურორები და ადვოკატები დეკანოზთან 27 თებერვლის 11:00 საათზე შევიდნენ და საპატიმრო დაწესებულება 24:00 საათზე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. 27 თებერვალს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამტკიცებდა, რომ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია. დეკანოზის ადვოკატის თქმით, ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

კომენტარები