გიორგი მამალაძის საქმე

ბათუმის და ლაზეთის ეპარქია: თავი შეიკავეთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე, გამოძიების დასრულებამდე, საჯარო კომენტარებს არ გააკეთებენ.

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს. მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. თავდაპირველად, პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ ინფორმაცია "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მოწამვლის მომზადების მცდელობაზე მიაწოდეს, შემდეგ კი განმარტა, რომ "პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა". მოგვიანებით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადებას ედავებიან.

კომენტარები