პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, "ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს". მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი გახლდათ ძალიან წარმატებული".
"5.2% მშპ-ს რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გააანალიზების დროს, ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, შემიძლია, ვთქვა, რომ ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით... 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტირებულ საწარმოთა რაოდენობა და ა.შ. ტურიზმია გაზრდილი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს", - თქვა პრემიერმა.
ცნობისთვის, 2017 წელი საგარეო ვაჭრობის ზრდით დაიწყო, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, იანვარში ექსპორტმა $177 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. გარდა ამისა, 2017 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი სულ 387 ათასმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 19.8%-ით მეტია. ასევე, 2017 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილები 26.1%-ით გაიზარდა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა. 2016 წელს კი, ეკონომიკურმა ზრდამ 2.2% შეადგინა.
2017 წლის დასაწყისში ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის ზრდამ დადებითი გავლენა უკვე მოახდინა ლარზე. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ლარი დოლართან და ევროსთან 12-12 თეთრით გამყარდა.