ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენი: წულუკიანს შეცდომის და პროცესის არასწორად წარმართვის გადმობრალება სურს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლო ჩვენება მისცა. ომბუდსმენი ამბობს, რომ მინისტრის განცხადება ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს, საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო.

ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ამა თუ იმ ჩვენების მიღების მიზნით, კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი საუბრობს, მიუხედავად პატიმრის მონაყოლის სანდოობისა, საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის არსებობის გამო, შესაბამისად, მერაბიშვილი განცხადებაც უნდა ყოფილიყო გამოძიებული. გამოძიების დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 2013 წლის 17 დეკემბრიდან და ამაზე საუბარია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც (გვ. 109)", - წერს ომბუდსმენი განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილისვე მოსაზრებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცა, მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას.

"სახალხო დამცველმა ევროსასამართლოს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა ივანე მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევა. სწორედ იმის გამო, რომ მერაბიშვილის ე.წ. საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა. სახალხო დამცველს პირადად დაუკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც უჩა ნანუაშვილმა პატიმართან შეხვედრის და გამოძიების მოთხოვნით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი ნეიტრალური პირია, რომელიც ციხეში შეხვდა მერაბიშვილს და ვისაც პატიმარმა პირადად მოუყვა საკნიდან მის გაყვანასთან დაკავშირებული ვერსია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და ამაში გამოძიებას ყველა მხარე უნდა დაეხმაროს. სახალხო დამცველის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანთა უფლებები მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული განცხადების პირველი შემთხვევა სახალხო დამცველის მისამართით. მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას, აპარატი აგრძელებს მანდატის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები