რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

რუსთავი 2

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სარეზოლუციო ნაწილში წერია:

  • ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

  • გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

  • ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

  • გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის (9%) წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. 

  • უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; 

  • მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სასარგებლოდ, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

პარალელურად, უკვე 8 საათზე მეტია, უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები