რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. 

"ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში", - ამბობს ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი.

იურისტისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს არასდროს დაუკმაყოფილებია, ტელეკომპანიას დაბალი შანსი აქვს.

"უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ არ არსებობს პრეცედენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე. ვგულისხმობ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. როდესაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

ამიტომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები დაკმაყოფილების არ არის დიდი. ძალიან მინიმალისტურია, თუმცა, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გამოგვეყენებინა ეს შანსი. თუ დააკმაყოფილებს, საქართველო ვალდებულია, შეაჩეროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ქვეყნის ვალდებულებაა, დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა იურისტმა. მისივე თქმით, პასუხი უახლოეს ვადებში, რამდენიმე დღეში იქნება.

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები