რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკელები: ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის შეფასებით, საქართველოში შექმნილია საკმაოდ რთული სოციალ–პოლიტიკური ვითარება და "მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი". პარტიის განცხადებით, "ხორციელდება მიზანდასახული შეტევა მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემასა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს".

რესპუბლიკური პარტია აღნიშნავს, რომ "2012 წლის მრავალპარტიული ნიშნების მატარებელი ხელისუფლებიდან ჩვენ მოვედით 2016 წლის ერთპარტიული, არსებითად კი უპარტიო ხელისუფლებამდე".

"საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ამდენად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, უპასუხისმგებლო მმართველობა. ამგვარ შედეგზე ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენც არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია წარსულის გამოცდილებისა და შეცდომების ანალიზი, თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს ყველასთვის, ვისთვისაც ფასეულია ქართული სახელმწიფოებრიობა, პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს არა წარსულში არსებული უთანხმოებების გაღრმავება, არამედ ქვეყნის დემოკრატიული რესურსის კონსოლიდირება და სამომავლო მოქმედებებისთვის მკაფიო ორიენტირების დასახვა"-აცხადებს რესპუბლიკური პარტია და აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა მიზნად დაისახა პრეზიდენტის ინსტიტუტის პრაქტიკული ანულირება და ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ან/და ნაწილობრივ კონტროლირებადი მედიის მოსპობა ქვეყანაში.

"ერთმანეთის მიყოლებით ხელში ჩაიგდო იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 2 მარტს, მისი „ცხოვრების მიზნად“ ქცეული რუსთავი 2 დაიქვემდებარა. პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც 3 თვის ვადაში ივალდებულა მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. თუმცა, თუ ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივებით ვიმსჯელებთ, რეალურად საქმე გვაქვს კონსტიტუციის გაუარესებასა და საკუთარ ინტერესებზე მორგებასთან" - ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მოსმენების შესახებ ახალი კანონიც ბევრად უარესია.

"მიუხედავად ამისა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში განწირულია მარცხისთვის. პოსტაბჭოთა საქართველოს ისტორია გამონაკლისის გარეშე ადასტურებს, რომ რეპრესიული და პროპაგანდისტული კონტროლი ქვეყანაში არ გადის და ივანიშვილის ხელისუფლებაც აუცილებლად გაიზიარებს მისი მშობელი წინამორბედების ხვედრს.

ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს მედიაპლურალიზმის მოსპობას საქართველოში. პირიქით, ამ პირობებში ნდობა ხელისუფლების მიმართ კატასტროფული სისწრაფით დაეცემა, თავისუფალი სიტყვის ფასი კი გაიზრდება" - აცხადებს რესპუბლიკური პარტია და 2017 წლის არჩევნებზე საუბრობს.

"ოქტომბერში საქართველოში პირდაპირი გზით ირჩევა მერები და გამგებლები და საკრებულოები. დედაქალაქსა და საქართველოს ბევრ ქალაქსა და რაიონში შესაძლებელია და უფრო მეტიც, მოსალოდნელია ხელისუფლების დამარცხება სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ. ამ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის საზოგადოების, ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედიის, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შევძლოთ ისეთი პოლიტიკური ფორმატების, ბლოკების შექმნა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა.

რუსთავი 2-ის მიმართ მიმდინარე მოვლენებიც ამ საერთო კონტექსტშია განსახილველი. თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია კი ცხადყოფს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯებული ოპოზიციური ძალა შემდგომში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებშიც იმარჯვებს.

რესპუბლიკური პარტია ერთგულია საკუთარი მიდგომების და ამჟამადაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და აუცილებელია არჩევნების შედეგად. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილის სახიფათო ხელისუფლებისთვის ფაქტობრივად გადამწყვეტია. გადამწყვეტია ის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც! ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები