რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის ადვოკატი: საქართველო ვალდებულია, შეასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება

ტაბულა

რუსთავი 2-ის იურისტ თამთა მურადაშვილის მოსაზრებით, შეუძლებელია, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება არ გაითვალისწინოს.

"შეუძლებელია, რომ არ გაითვალისწინონ. განსაკუთრებით გასაკვირი იქნება ეს იუსტიციის მინისტრისგან. ალბათ, მას ძალიან შერცხვება, თუ ის არ აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას, თავის კოლეგებთან. ვიცით, რომ ის მუშაობდა სტრასბურგში. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმეს აქვს მინიჭებული პრიორიტეტული კატეგორია და სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ეს ვალდებულება", - ამბობს მურადაშვილი.

მურადაშვილის თქმით, რუსთავი 2 სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გაგზავნის.

"სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები და ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, როგორც ჩანს, სტრასბურგისთვის, დარწმუნებულიყო, რომ იმხელა საფრთხეა, მოხდეს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, მან მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლის მიერ ხელმოწერილი, 1 დღეში გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა დროებით, 8 მარტამდე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შეიკავოს თავი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან. ჩვენ განგვისაზღვრა ასევე დამატებითი ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად. ამ ვადის განსაზღვრა, ვფიქრობთ, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოსთვის ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ის დაელოდება ჩვენგან დამატებით მასალებს.

ეს არის სილის გაწვნა სასაამრთლო სისტემის, იმ 9 მოსამართლის, რომელიც ერთ დღეში შეიკრიბა და სურდა, წერტილი დაესვა ქვეყნისთვის. ეს საჩუქარი თქვენ ჩვენგან", - ამბობს მურადაშვილი.

კითხვაზე, რა იქნება 8 მარტის შემდეგ, მურადაშვილი პასუხობს, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან კომუნიკაციას გააგრძელებენ და გაგზავნიან დამატებით დოკუმენტაციას.

ევროსასამართლომ რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა.

კომენტარები