ჰომოფობია

ლგბტ აქტივისტები: თბილისში, ჰომოფობიური ნიშნით ორ ადამიანს თავს დაესხნენ

ლგბტ აქტივისტების ინფორმაციით, თბილისში, ჰომოფობიური ნიშნით ორ ადამიანს თავს დაესხნენ.

"შელაპარაკება მოხდა ორ ბენეფიციართან ოთხი პირის მხრიდან. ერთი აქტიურობდა ამ ოთხიდან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოიყენა სიძულვილის ენა. ერთ-ერთ მათგანს "პიდარასტი" უწოდა. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლა არ მომხდარა, მხოლოდ მხარი წაჰკრეს ერთ-ერთ ბენეფიციარს. ბენეფიციარებმა პოლიციაში დარეკვა მოასწრეს, ამიტომ, თავდამსხმელები გაიქცნენ", - უთხრა ტაბულას ლგბტ აქტივისტმა, ნათია ხარატიშვილმა.

მისი თქმით, ოთხივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და როგორც კი ბენეფიციარმა პოლიციაში დასარეკად ტელეფონი ამოიღო, მაშინვე გაიქცნენ.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან სამართალდამცველები. 

ნათია ხარატიშვილის ინფორმაციითვე, იგივე ადამიანები მანამდე თავს დაესხნენ "კივი კაფეში" მყოფ სხვა ბენეფიციარებს.

შემთხვევის შესახებ ფეისბუქზე წერს ერთ-ერთი აქტივისტი, კობა ბიწაძე.

"რამდენიმე წუთის წინ ჩემს მეგობრებს თავს დაესხნენ ლეონიძეზე. მათი ცნობით, თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და თავდასხმა ჰომოფობიური სიძულვილით იყო მოტივირებული. მათ ყურადღება გაამახვილეს ვარცხნილობაზე და ეძახდნენ პიდარასტებს", - წერს ბიწაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის პირველი შემთხვევა თბილისში. ლგბტ ადამიანები ხშირად არიან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნი.

კომენტარები