რუსთავი 2-ის საქმე

სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა

მალხაზ სონღულაშვილი
0 კომენტარი

ზოგჯერ ისე გვგონია, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიის ნაწილია. არადა ეს პირიქით არის დემოკრატია, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლება ეს ყველაფერი ნაწილია ადამიანის უფლებებისა. დემოკრატია მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ უფლებებისა.

როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიის არსებობას საფრთხე ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არა მხოლოდ ერთსა და ორ უფლებას, არამედ ყველას.

ყველამ ვიცით, რომ ამა წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ერთხმად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყველა, ერი და ბერი.

შეიძლება ვინმეს გულზე არ ეხატებოდეს რუსთავი 2, მაგრამ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ რუსთავი 2-ის ხელყოფა და ნებისმიერი კრიტიკული მედია საშუალების ხელყოფა საქართველოში, თითოეული ადამიანის უფლებებს ლახავს.

მე ამაყი ვიქნები, თუ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას შეასრულებს და რუსთავი 2 საქმეს შეხედავს არა პარტიული და პარტიზანული, არამედ სახელმწიფოებრივი პერსპექტივიდან. მე ამაყო ვიქნები თუ რუსთავი 2-ის მიმართ თანადგომას გამოხატავენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსთავი 2-ს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჰყავს გამოტარებული არაერთხელ და ორჯერ.

მე ამაყი ვიქნები თუ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე ქალბატონი იუსტიციის მინისტრი (მსგავსად პირველი ლედისა) ერთად მივლენ რუსთავის 2-ის შენობასთან თავიანთი თანადგომის გამოსახატავად. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველამ განზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ლოიალობები და პოლიტიკური პრეფერენციები. დღეს ყველანი ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა დავდგეთ.

ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დროს, სელმას მარშის შემდეგ დიდი ებრაელი რაბინი, ჯოშუა ჰერშელი, რომელიც მარტინ ლუთერ კინთან და სხვებთან ერთად ამ მარშს მიუძღოდა, აღტაცებული წერდა “იმ დღეს ჩემი ფეხები ლოცვად იყვნენ გადაქცეული.” ვისთვისაც ქრისტიანობა ანდა რელიგია მართლა რამე ღირებულებას წარმოადგენს, მან უნდა გაიაზროს, რომ ამ დიდმარხვაში ადამიანის უფლებების დაცვა იგივეა, რაც მარხვა და ლოცვა. სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა და ასე უნდა შევხედოთ მას ყველამ.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი და მშვიდობის კათედრალური ტაძრის წინამძღოლი

თბილისი

2017

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები