თურქეთი-გერმანია

ერდოღანი გერმანიას: თქვენი ბოლო ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური რეჟიმისგან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიას ნაცისტური ჩვევების გამეორებაში დასდო ბრალი. ერდოღანის აღშფოთება აქციების ჩატარებაზე მიღებულმა უარმა გამოიწვია. ერდოღანს სურდა, გერმანიის ორ ქალაქში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან ერთად 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით მხარდამჭერი აქციები ჩაეტარებინათ. 

"ისინი საშუალებას არ აძლევენ ჩვენს მეგობრებს, სიტყვით გამოვიდნენ გერმანიაში. ნუთუ ფიქრობთ, რომ იმით, რომ თურქ მინისტრს გერმანიაში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ, რეფერენდუმზე "არა" გაიმარჯვებს? გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან. თქვენი უკანასკნელი ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან", - თქვა ერდოღანმა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერდოღანის სიტყვებს "აბსურდული, სამარცხვინო და ზღვარსგადასული" უწოდა.

16 აპრილს თურქეთში საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შემთხვევაში, ერდოღანს ბიუჯეტის მართვის, მინისტრებისა და მოსამართლეების დანიშვნის და პარლამენტის დათხოვნის უფლებები შეემატება. რეფერენდუმში მონაწილეობას გერმანიაში მცხოვრები დაახლოებით 1.4 მილიონი თურქიც შეძლებს.

კომენტარები