მედიაომბუდსმენი

ვოლსკი: თუ პრეზიდენტს მედიაომბუდსმენის შექმნა სურს, მე ვამბობ, რომ არ არის საჭირო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ თავდაპირველად მედიაომბუდსმენის იდეა არ გაიზიარა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ეგონა. მას შემდეგ, რაც ვოლსკის ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ახალი ინსტიტუტის შექმნის სურვილი პრემიერმინისტრმა გამოთქვა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის საკითხს არ გულისხმობდა.

„თუ კი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად ისედაც გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია. სწორედ ამ ჭიდილიდან გამომდინარე, ვითარდება პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, რომელიც რაღაც გარკვეულ ნაწილებში მოიკოჭლებს, ამ მოკოჭლებას არ უშველის დამატებითი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირადი თავის წარმოჩენაზეა მიმართული, და ვფიქრობ, ასეთი განცხადება არის პრეზიდენტის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ აიპრესის ცნობით.

მას შემდეგ, რაც დეპუტატს განუმარტეს, რომ მედიაომბუდსმენის შექმნის იდეა პრემიერმინისტრს ეკუთვნის, გია ვოლსკიმ თქვა, რომ „პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდი". მისი თქმით, პრეზიდენტს უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული, რომელიც მმართველი გუნდის მოსაზრებას არ ემთხვევა.

"თუ კი მედიის თემასთან დაკავშირებით, დროებითი, მუდმივი გუნდი შეიქმნება, რომელიც რეალურ სურათს დახატავს... თუ ამ თემის დასაბალანსებლად და მედიის რესურსის სწორად გამოყენებისათვის შეიქმნება სტრუქტურა, არ ვიცი რა ერქმევა, არ იქნება ურიგო... თუ კი ეს საჭიროება არსებობს, ვფიქრობ არსებობს, მაგრამ როგორი სახე ექნება, როგორი სახელი ერქმევა, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლაც რეალურად არიან განწყობილი ამ სფეროს დაცვისაკენ, ამ სფეროში ნამდვილი, პლურალისტური გარემოს შენარჩუნებისაკენ“, - თქვა ვოლსკიმ აიპრესის ინფორმაციით.

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამოვიდა.

კომენტარები