ოკუპირებული აფხაზეთი

აშშ: გაიხსნას ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები

US Embassy

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო ღრმად შეშფოთებულია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გამშვები პუნქტების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილებას და შეაფერხებს ადგილობრივ მოსახლეობას.

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახუროს საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტი. ეს ქმედება კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს. 

მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას. ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად. შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. 

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.

კომენტარები