რუსთავი 2-ის საქმე

R2: შესაძლოა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს საქმეზე დღეს გახდეს ცნობილი

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ცნობით, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი, გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

გადაწყვეტილება გამოქვეყნდება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მხარეებს დაეგზავნება.

გუშინ, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივიდნენ. რუსთავი ორის ინფორმაციით, ხალვაში ტელეკომპანიის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს.

გუშინვე, ევროსასამართლოში შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა სასამართლოში საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა.

2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, "მხარეების ინტერესების გათვალისწინებისა და საქმის წარმოების სწორად წარმართვისთვის, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას, 39-ე მუხლის თანახმად, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს აპლიკანტი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან".

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები