დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ენმ-ს მხარეთა თანასწორობის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს და დაცვის მხარის უფლებები გაიზარდოს, რათა მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს, - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის მამალაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალის ირგვლივ ნათელი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საჯარო კომუნიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში იმყოფება. ეს არღვევს მოქალაქის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებას - მხარეთა თანასწორობის პრინციპს", - ამბობს ბოკუჩავა და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, პროკურატურა ამ უპირატესობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

"პროკურატურა და მასთან დაახლოებული ბრალდების მოწმეები ასაჯაროებენ ცალმხრივ და ზოგჯერ მცდარ ინფორმაციას, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს აკრძალული აქვს საკუთარი არგუმენტების წარდგენა. ამის შედეგად ბრალდებულის წარმოჩენა მიკერძოებულად, განზრახ ნეგატიურად კუთხით ხდება.

დაცვის მხარეს აკრძალული აქვს საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან კომუნიკაცია, მათ შორის, დოკუმენტაციის მიწოდება. ეს მიდგომა ქმნის საფრთხეს, რომ სახალხო დამცველისათვის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევად ჩაითვალოს და პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს", - ამბობს ენმ-ის დეპუტატი.

ბოკუჩავასვე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად და მხარეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ენმ წარმოადგენს ინიციატივას - სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

"1.თუ პირისათვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილე მხარე ანუ ბრალდებული, ადვოკატი ან/და მოწმე დაავალდებულოს არ გათქვან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ 24 სთ-ის განმავლობაში შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს. მანამ სანამ სასამრთლო შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე ვალდებულია შეასრულოს გაუთქმელობის ვალდებულება.

2.შუამდგომლობის მიღებიდან 24 სთ-ში სასამრთლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა მხარის მიერ საქმის შესახებ ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ, ან არ დაეთანხმოს პროკურატურას, რის შედეგაც მხარეს ენიჭება უფლებამოსილება, საჯაროდ ისაუბროს საქმესთან დაკავშირებით.

3.მხარეს არ შეიძლება აეკრძალოს აწარმოოს კომუნიკაცია სახალხო დამცველთან სისხლის სამართლებრივი საქმის ირგვლივ, მათ შორის მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

4.სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობას დაკმაყოფილების შემთხვევაში როგორც დაცვის მხარეს, ასევე პროკურატურას ეკრძალება საქმის დეტალებზე საუბარი", - წერია ენმ-ის განცხადებაში და ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის კანონპროექტის მიღებაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხალხის მხარდაჭერით განახორციელებს ამ ინიციატივას.

კომენტარები