ფონდი ქართუ

ქართუს კულტურის, სპორტისა და მეცნიერების წარმომადგენლები წელს არ დაუფინანსებია

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლებზე დაფინანსება მიმდინარე წელს არ გაუცია. საგრანტო ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან. მიმდინარე წელს გრანტის სახით არანაირი დაფინანსება არ მიუღია არც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომლის გავლითაც ხდება თანხის გაცემა განათლების სამინისტროს სსიპ-ებსა და აიპ-ებზე.

როგორც ტაბულას ფონდ „ქართუს“ იურისტმა, ნინო კიკნაძემ უთხრა, დასაფინანსებელ პირებთან და ორგანიზაციებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს შეუწყდა და ახალი დოკუმენტების მზადება ამ დრომდე მიმდინარეობს. კიკნაძე ვარაუდობს, რომ თანხის გაცემა აპრილის ბოლოსთვის დაიწყება, თუმცა მიიღებენ თუ არა ბენეფიციარები გასული ოთხი თვის დაფინანსებასაც, ჯერ უცნობია. „ქართუს“ იურისტის თქმით, ამ დეტალს ჯერ ვერ გვეტყვის და „გაცემა დაგეგმილია, თუ არაფერი შეიცვალა“.

„დაფინანსებას ვაპირებთ და სამინისტროები ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან. ჩვენ ახლა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ, რაღაც წინასამუშაოებს ვატარებთ. სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ალბათ განახლდება ხელშეკრულებები, ჯერ კონკრეტულად ვერ გეტყვით. იმდენად ბევრი ტექნიკური სამუშაოა ჩასატარებელი, რომ მარტის ბოლოს გაცემა ფიზიკურად ვერ მოხერხდება. სამინისტროებს სჭირდებათ მთავრობაზე საკითხის გატანა, შემდგომ დამტკიცება, მერე ხაზინაში რეგისტრაცია, ნებართვის მიღება, რომ აქვთ უფლება მიიღონ არასაბიუჯეტო თანხები და მერე გაცემა. ალბათ აპრილის ბოლოს მოხდება გაცემა, მაგრამ გაფორმებები დაიწყება სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში ან მარტის ბოლოს“, - ამბობს კიკნაძე ტაბულასთან.

მისივე თქმით, ახალი ხელშეკრულებები გასულ წელსაც მარტსა და აპრილში გაფორმდა და მაშინ ბენეფიციარებმა წინა თვეების თანხა ერთდროულად მიიღეს.

„ქართუ“ შესაბამის სამინისტროებთან საგრანტო ხელშეკრულებებს 2014 წლიდან აფორმებს, მანამდე კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლები პირდაპირ ფონდისგან ფინანსდებოდნენ. თუმცა, 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათ დახმარება მოუხსნა. ფონდმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და სამინისტროებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. ამის შემდეგ, თანხებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე შესაბამისი უწყებები გასცემენ.

ტაბულამ კულტურისა და სპორტის სამინისტროებისგან, ასევე რუსთაველის სამეცნიერო ფონდისგან გამოითხოვა ინფორმაცია რამდენი პირი დააფინანსა ფონდმა გასულ წლებში და ჯამში, რა თანხა გაიცა კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლებზე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს „ქართუს“ საგრანტო პროგრამაში ჩართული „კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი ხელოვანების, მათ შორის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ასევე სხვადასხვა ანსამბლებში დასაქმებული კულტურის სფეროს მოღვაწეების დასაფინანსებლად“ გრანტის სახით ჯამურად 7 მილიონ 663 ათას 803 ლარი გაიცა.

2015 წელს ეს თანხა 7 მილიონ 787 ათას 103 ლარი იყო. 2014 წელს კი 8 მილიონ 133 ათას 208 ლარი.

რაც შეეხება საგრანტო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობას, ეს მონაცცემი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2016 წელი - 997 ადამიანი;
  • 2015 წელი - 926 ადამიანი;
  • 2014 წელი - 974 ადამიანი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფონდი „ქართუ“ სამი წელია აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებებს სპორტის სამინისტროსთანაც, რომელიც ითვალისწინებს თანხის გრანტის სახით გაცემას სპორტის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ (სპორტსმენები, მწვრთნელები და ა.შ.) და იურიდიულ პირებზე.

2016 წელს სამინისტრომ ფონდისგან გრანტის სახით 7 მილიონ 445 ათას 600 ლარი მიიღო, 2015 წელს - 7 მილიონ 407 ათას 600 ლარი, 2014 წელს კი 8 მილიონ 899 ათას 600 ლარი.

რაც შეეხება დაფინანსებული პირების რაოდენობას:

  • 2016 წელი - 220 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი;
  • 2015 წელი - 215 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი;
  • 2014 წელი - 218 ფიზიკური და 20 იურიდიული პირი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განათლების სამინისტროს სსიპ-ებსა და აიპ-ებზე, ასევე აქ დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე დაფინანსების გაცემა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გავლით ხდება. ანუ, ფონდი „ქართუ“ საგრანტო ხელშეკრულებას სწორედ მასთან აფორმებს და შემდეგ იღებენ ამ თანხებს შესაბამისი პირები.

რუსთაველის ფონდის მიერ ტაბულასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ გაფორმებული გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად 2016 წელს დაფინანსდა 5 პროექტი, რომლის ფარგლებში დასაქმებული იყო 85 ფიზიკური პირი; 2015 წელს - 5 პროექტი, პროექტის ფარგლებში დასაქმებული 87 ფიზიკური პირი; 2014 წელს - 5 პროექტი, პროექტის ფარგლებში დასაქმებული 93 ფიზიკური პირი.

რაც შეეხება იურიდიული პირების დაფინანსებას, რუსთაველის ფონდის ინფორმაციით, 2014, 2015 და 2016 წლებში საგრანტო ხელშეკრულების თანხები ასეთია:

ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი:

  • 2016 წელი - სახელშეკრულებო თანხა 727 020 ლარი, საკასო ხარჯი - 725 800;
  • 2015 წელი - სახელშეკრულებო თანხა 568 353 ლარი, საკასო ხარჯი - 996 304;
  • 2014 წელი - სახელშეკრულებო თანხა 996 304 ლარი, საკასო ხარჯი - 996 304.

ა(ა)იპ წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი:

  • 2016 წელი - სახელშეკრულებო თანხა 240 000 ლარი, საკასო ხარჯი - 240 000;
  • 2015 წელი - სახელშეკრულებო თანხა 240 000 ლარი, საკასო ხარჯი - 240 000;
  • 2014 წელი - სახელშეკრულებო თანხა 240 000 ლარი, საკასო ხარჯი - 240 000.

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • 2016 წელი - 225 000 ლარი, საკასო ხარჯი - 225 000;
  • 2015 წელი - 225 000 ლარი, საკასო ხარჯი - 225 000;
  • 2014 წელი - 225 000 ლარი, საკასო ხარჯი - 225 000.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია:

  • 2016 წელი - 891 000 ლარი, საკასო ხარჯი - 872 000;
  • 2015 წელი - 891 000 ლარი, საკასო ხარჯი - 884 000;
  • 2014 წელი - 981 000 ლარი, საკასო ხარჯი - 901 500.

ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი

  • 2016 წელი - 327 960 ლარი, საკასო ხარჯი - 326 760;
  • 2015 წელი - 299 970 ლარი, საკასო ხარჯი - 299 970;
  • 2014 წელი - 328 590 ლარი, საკასო ხარჯი - 327 690.

კომენტარები