რუსთავი 2-ის საქმე

სალია: თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, გადაწყვეტილებები გაუქმდება

რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალიას თქმით, მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი, რომ რუსთავი ორის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმედღიანი შეჩერება მოხდა, თავიდანვე, განცხადების საფუძველზე, რა თქმა უნდა, უკვე აღარ გამოვრიცხავდით იმას, რომ შესაძლებელი იყო გაგრძელებულიყო ეს ღონისძიება",- თქვა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ, დავის განხილვის შედეგად მიჩნეული იქნება, რომ ყარამანაშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქართველოს სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდება.

"აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, დეპორტაციას და ა.შ. საინტერესო იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია, დასაბუთება. იმ შემთხვევაში, თუ დავის განხილვის შედეგად, მიჩნეული იქნება, რომ ყარამანიშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს გახდება საფუძველი, რომ ხელახლა დავიწყოთ საქართველოში, ანუ გაუქმდეს გადაწყვეტილება. თუმცა, მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ არ აუქმებს ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილება ექნება საბოლოო ჯამში",- აღნიშნა ადვოკატმა.

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა.

კომენტარები