ვანო მერაბიშვილის საქმე

დღეს ევროსასამართლოს დიდ პალატაში მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება

Reuters

დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება. როგორც ცნობილია, 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს ევროსასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას.

კომენტარები