გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: როცა ღიმილით ამბობ, რომ ვიღაცა დასაბრედია, არ ნიშნავს, რომ მოკვლას აპირებ

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმთ, პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დასადგენია. როგორც მიხეილ რამიშვილმა ტაბულას უთხრა, მას სრული ჩანაწერი ბრალდებულის დაკითხვისას აქვს ნანახი და თუ მხოლოდ ნაწილის გასაჯაროვება გადაწყდა, ეს უნდა მომხდარიყო შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით.

„პირველ რიგში ავთენტურობა არის დასადგენი, ექსპერტიზის პასუხი არ მისვლია ჯერ პროკურატურას, როგორც ჩვენთვის ცნობილია. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულის გასაჯაროვება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საზოგადოებაში აქამდე არსებული დამოკიდებულება მამა გიორგის უდანაშაულობასთან დაკავშირებით შეეცვალათ. როდესაც ასაჯაროვებ, ნაწილ-ნაწილ კი არ უნდა გაასაჯაროვო, დასაწყისით უნდა დაიწყო, რა თემაზე მიდის ლაპარაკი საერთოდ და როგორ მიმდინარეობს. და არა ის, რომ ნაწილ-ნაწილ ამოიღო მონაკვეთები. ავთენტურობის დადგენა ექსპერტიზიის პრეროგატივაა. აღნიშნულ ჩანაწერს ჩვენ თავიდან ბოლომდე გავეცანით მაშინ, როდესაც საპატიმროში მამა გიორგის 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ნაწილი არ ჰქვია ამას, ნაწილი უნდა იყოს შინაარსობრივი ნაწილი. როცა აჩვენებენ იმას, რომ მამა გიორგი ამბობს „შორენა დასაბრედია“ და „მარილზეა გასაშვები“, ისიც უნდა გაესაჯაროვებინათ, მამა გიორგი რომ ლაპარაკობს მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებაზე შორენას მისამართით, მაშინ იქნებოდა სულ სხვა შეფასებითი ფორმა. კონტექსტიდან ამოგლეჯილია რა თვალსაზრისით იცით? როდესაც დანაშაული მზადდება, მას აქვს ძალიან საფუძვლიანი საუბრის თემატიკა და როდესაც ღიმილით, სიცილით და ხუმრობით რაღაცებზე ლაპარაკობ და მერე ამბობ, რომ ვიღაცა დასაბრედია, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებ“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი ტაბულასთან.

გარდა ამისა, ადვოკატს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ, როცა სამართალდამცავები ბრალდებულს უთვალთვალებდნენ, რატომ ვერ დაადგინეს ვისგან იყიდა ციანიდი.

„დღემდე ვერ დაადგინეს ვისგან იყიდა ციანიდი. დადგენა აღარც იქნებოდა საჭირო, მიეცათ ირაკლი მამალაძისთვის, მიუტანდა, დააფიქსირებდა და დასრულდებოდა კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც უთვალთვალებენ ადამიანს და ყველაფერი იციან მის შესახებ, დაადგინეს, რომ მოკვლა უნდოდა ადამიანის და ის ვერ დაადგინეს ვისგან რა იყიდა? ადამიანი, რომელსაც ხელჩანთა და ბარგი ხელში ეჭირა, ადგილზე არ დააკავეს და ჩვენს კითხვაზე, რატომ მოხდა ასე, გვიპასუხეს „ხალხი იყო და მათ თვალწინ ხომ არ დავაკავებდითო“. 9 საათის შემდეგ ხსნიან ჩანთას და არ ჩაუდეს? კოდირებული სეიფი გახსნა სპეციალისტმა 40 წუთში და ჩანთას ვერ ხსნიდნენ 9 საათის განმავლობაში?“, - ამბობს რამიშვილი.

დღეს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყების მტკიცებით, დეკანოზი ციანიდის შეძენაში დახმარებას ირაკლი მამალაძეს სთხოვდა და სანაცვლოდ, "კარგ ადგილს" ჰპირდებოდა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების და მოწამვლის სიმპტომების შესახებ. უწყება აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, გიორგი მამალაძემ ციანიდი სხვა პირისგან შეიძინა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები