საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იოანე: საპატრიარქოში დაპირისპირება არაა, აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს

რუთაველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ამბობს, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება და კლანები არ არის, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს.

ამის შესახებ მან წმიდა სინოდის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"კლანები ცოტა უცნაური სიტყვაა. იცით რა, თქვენ ყველას სკოლაში და ინსტიტუტში გისწავლიათ და არის მეგობრული წრეები, 2-3 ადამიანი ცალკე, 5 ცალკე, ეს კლანები ხომ არ არის? ეს არის პირადი ურთიერთობა, ვიღაცა მეგობრობს, ვიღაცა ნაკლებად მეგობრობს. დაპირისპირება არაა, აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს", - ამბობს მიტროპოლიტი.

რაც შეეხება კითხვას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესახებ, მიტროპოლიტი იოანე ამბობს, რომ მას ეს გავლენა არ უგრძვნია.

"ის პატრიარქის მდივანია და რაც ევალება, იმას აკეთებს. მე ჩემზე არ მიგრძვნია [შორენა თეთრუაშვილის გავლენა], განათლებას განვაგებ და მე მისი ზეწოლა, გავლენა არ გამიგია", - თქვა მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტების კითხვას, დღევანდელ სხდომაზე იგეგმება თუ არა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხის განხილვა, მეუფე იოანე პასუხობს:

"მეუფე პეტრემ ძალიან ემოციურად კი თქვა, მაგრამ რაიმე ისეთი კომენტარი მას არ მოუყვანია და მსჯელობა მარტო ემოციურ სიტყვებზე ძნელია".

გარდა ამისა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ არ აქვს უფლება, არ ენდოს პროკურატურას, თუმცა, გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

"არ მაქვს უფლება, არ ვენდო, მაგრამ ეს პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხია. ჯერ ერთი, არ არის სრული [ჩანაწერები], როგორც თვითონვე თქვეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რამდენად ავთენტურია ეს. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება", - ამბობს რუსთაველი მიტროპოლიტი.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ იმართება დღეს წმიდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, მეუფე იოანე პასუხობს - "რიგგარეშე მოვლენები მოხდა და იმიტომ".

გუშინ, 8 მარტს, მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყების მტკიცებით, დეკანოზი ციანიდის შეძენაში დახმარებას ირაკლი მამალაძეს სთხოვდა და სანაცვლოდ, "კარგ ადგილს" ჰპირდებოდა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების და მოწამვლის სიმპტომების შესახებ. უწყება აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, გიორგი მამალაძემ ციანიდი სხვა პირისგან შეიძინა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები