ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე უკრაინაში საქართველოს ელჩად წარადგინეს

გელა დუმბაძე
დიასპორის სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის კანდიდატურა წარუდგინა. დუმბაძე ასევე წარდგენილია სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.

გელა დუმბაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2014-2016 წლებში იკავებდა. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ის არის საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016 წლის ბოლოს გაუქმდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული, გელა დუმბაძის გაზპრომთან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირებოდა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაზპრომთან დაკავშირებულ ამბებს ნეგატიურად აფასებდა. ამის შემდეგ, ვიცეპრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მას "გაკოტრებული პოლიტიკოსი" უწოდა. კალაძის თქმითვე, "გელა დუმბაძემ უფრო მეტი უნდა წაიკითხოს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტრომ და პრემიერმინისტრმა გააკეთეს". მოგვიანებით, გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ GAZPROM-თან მოლაპარაკებებზე ეჭვები აღარ აქვს.

კომენტარები