ენერგეტიკა

მთავრობა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების კანონპროექტს მარტში წარადგენს

ტაბულა

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ოქმს საქართველომ ხელი 2016 წლის 14 ოქტომბერს მოაწერა, იმისთვის, რომ ქვეყანა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დოკუმენტის საპარლამენტო რატიფიკაციაა საჭირო. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს სარატიფიკაციოდ მარტის ბოლოს გაეგზავნება. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართული ენერგოსექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას ხელს შეუწყობს. 

"რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვას, არამედ ევროინტეგრაციას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს", - ამბობს კალაძე.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელი იანეს კოპაჩი იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროში გაიხსნა ევროკავშირის პროექტ - EU4ENERGY-ის რეგიონული ოფისი, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკაში თანამედროვე ევროპული რეგულაციების შემუშავებაში დაეხმარება. 

ორგანიზაციის წევრობის სტატუსის რატიფიკაციის შემდგომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია დაიწყება. ასევე დაინერგება ენერგობაზრებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) კონკურენციის ახალი წესები, რომელთა მეშვეობით ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან. 

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2005 წელს საბერძნეთში ხელმოწერილი დოკუმენტით დააფუძნეს. ორგანიზაციამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. მისი წევრები არიან ევროკავშირის წევრი ყველა და შეთანხმებაზე მიერთებული რვა სახელმწიფო. ორგანიზაცია ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი ენერგოსივრცის შექმნისთვის მუშაობს.

კომენტარები