საპატრიარქოს ტელევიზია

საჯარო რეესტრი: საპატრიარქოდან მიღებული დოკუმენტი კანონის მოთხოვნებს არ პასუხობს

0 კომენტარი
იუსტიციის სახლი ფოტო: flickr.com

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. რეესტრს საპატრიარქომ ილია მეორეს ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი გაუგზავნა, რომლითაც მეუფე პეტრე ცაავას ადგილს საპატრიარქოს ტელევიზიაში ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაიკავებს.

დირექტორის ცვლილების გადაწყვეტილება ფოტო: enreg.reestri.gov.ge

საჯარო რეესტრის დასკვნა:

"წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

რეგისტრირებული მონაცემების თანახმად შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ (ს/ნ204562990) ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო. 

ვინაიდან, საჯარო სამართლის იურდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", - წერია საჯარო რეესტრის სამართლებრივ პასუხში.

დეკანოზი მიქაელი კი საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შესრულების დაწყებას უკვე ორშაბათიდან გეგმავდა. ტელევიზიის დირექტორის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქოს საიტზეც გამოქვეყნდა. 

გუშინ ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საპატრიარქოს "უმროჩილესად თხოვდნენ" დირექტორის თანამდებობაზე პეტრე ცაავას დატოვებას. 

"უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთსულოვნების“ თანამშრომლები ავრცელებენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები