აქცია ბათუმში

ღარიბაშვილი ბათუმის აქციაზე: ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მომხდარი მოვლენები სახელმწიფოებრიობის ტესტია და საჭიროა ცივი გონებით მოქმედება.

ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გვიან ღამით დაწერა.

"არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან! ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა", - წერს ექსპრემიერი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა, პოლიტიკაში აქტიური არ არის. ფეისბუქ გვერდზე ის ძირითადად მოსახლეობას სხვადასხვა დღესასწაულს ულოცავს. პოლიტიკური შინაარსის განცხადება მან 2016 წლის 8 ოქტომბერს დაწერა, სადაც "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მიმდინარე წლის 2 თებერვალს კი მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა. 27 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, ის საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა, მედიისთან კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე დღით ადრე, ილია მეორე მოინახულა კიდევ ერთმა ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები