აქცია ბათუმში

არჩილ თალაკვაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ენმ-ს აკისრებს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

"აქ შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობის, ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩართულობის შესახებ კადრებში ჩანს. თუმცა, დეპუტატი უშუალოდ მონაწილეების ვინაობას არ ასახელებს.

"კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ვინ იყო ჩართული, ვინ უკეთებდა ამ ყველაფერს ორგანიზებას ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თუმცა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აშკარაა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

კომენტარები