აქცია ბათუმში

ენმ-მ ბათუმში დღეს დაგეგმილი აქცია გააუქმა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში დღეს დაგეგმილ აქციას აღარ ჩაატარებს.

ამის შესახებ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში განაცხადეს. მათი თქმით, ემიჯნებიან ვანდალიზმს.

„ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაცრად და ემიჯნება იმ ვანდალიზმს, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. აქვე საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს მოვლენები გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს დაძაბულ მდგომარეობაში, ჩვენ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული აქცია გავაუქმეთ, აღარ გაიმართება ეს აქცია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნაცვლად ამ ფაქტის პოლიტიკური განცხადებებისა და ოპონენტებზე გადაბრალებისა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გუშინ განვითარებული ვანდალური მოვლენები", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ბათუმში მშვიდობიანი აქცია გადაიქცა "ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით გაჯერებულ ძალადობაში" და სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უმოქმედობით მაქსიმალური ზიანი მიაყენებინა ბათუმისთვის, რათა შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ოპოზიციისთვის გადაებრალებინა. ენმ-ს განცხადებით, არ მიიღებენ ბრალდებას, რომ "ოდესმე, რიტორიკის დონეზე მაინც დავაზიანებთ ჩვენივე შექმნილს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

დღეს ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

კომენტარები