აქცია ბათუმში

პრემიერი: წუხანდელი ღამე ძალიან სწორად გავიარეთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

"რაც მოხდა მე მგონი არის ძალიან კარგად შესაფასებელი, პირველ რიგში წუხანდელი ღამე მე მგონია რომ ძალიან სწორად გავიარეთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე.

"სერიოზული ზღვარი იყო გასავლები, სამართალდამცავებმა შეძლეს ემოქმედათ იმ ძალით რა ძალაც იყო საჭირო. ახლა საჭიროა იმ მოძალადეთა იდენტიფიკაცია ვინც გუშინ ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ", - ამბობს პრემიერი.

პრემიერის შეფასებით, გუშინდელი აქცია და ვანდალური ქმედებები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წაქეზებული იყო.

"მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის", - თქვა გიორგი კვირიკაშილმა.

ბათუმში საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაპროტესტებლად გამართული აქცია გვიან ღამით ფართომასშტაბიან ვანდალიზმში გადაიზარდა, რა დროსაც ვანდალებმა რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის პოლიციის მანქანებიც დაწვეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიდან ქვაფენილი ამოიღეს და პოლიციის მისამართით დაიწყეს ქვების სროლა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქცია გვიან ღამით სპეცრაზმმა დაშალა, ამ დროისთვის აქციისა და ვანდალიზმის პიკი უკვე დასრულებული იყო. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. შს მინისტრის თქმით აქციაზე 40-მდე მოქალაქეა დაკავებული.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

დღეს ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

კომენტარები