გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, პროკურორი და ადვოკატები ციხეში უკვე მივიდნენ

ნეტგაზეთი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურორი და ადვოკატები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც, დაკითხვაზე უარს ამბობდა.

„თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე ახალ მიზეზს თუ არ დაასახელებს და თავს არ აარიდებს საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ გამოვცხადდით ბრალდებულის დასაკითხად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, მას ადრე თუ გვიან მოუწევს მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ასევე უპასუხოს ყველა შეკითხვას ამომწურავად. სწორედ ამ იმედით ვხვდებით მას, რომ დავასრულოთ ეს საგამოძიებო მოქმედებები. შეკითხვები არსებობს ბევრ თემაზე, მათ შორის მომწამვლელი ნივთიერების შეძენის საკითხზე, ასევე, ბევრი სხვა თემაა, რაზეც უნდა დაისვას შეკითხვები“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მის ოჯახს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.

პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა. მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი იყიდა და გერმანიაში მიჰქონდა, რა დროსაც, დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ფარულად უსმენდნენ, თუმცა, პროკურატურამ არ იცის, ვისგან შეიძინა მან ციანიდი.

კომენტარები