საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი: ქალაქს 150 000 ლარის ზიანი მიადგა

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის შედეგად, ქალაქს 150 000 ლარის ზიანი მიადგა. 

აქციის დროს მონაწილეებმა 7 ავტომანქანა გაანადგურეს. ერმაკოვის თქმით, აქედან 2 ავტომანქანა კერძო პირის საკუთრებაა, 1 - აჭარის უმაღლესი საბჭოსი, ხოლო დანარჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. 

"ასევე, დაზიანებულია 25-მდე ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანი, რაც ძვირადღირებულია. აქედან 4 საავტომობილო შუქნიშანია, 8 კი – საქვეითო. ამ შუქნიშნების აღდგენისთვის, დაახლოებით, 120 000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული. აღდგენილია ტროტუარები და ქუჩის გამყოფი ზოლი. 115 გრძივი გზაგამყოფი გვაქვს იმ მონაკვეთში, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ზოგიერთი გზაგამყოფი ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია", - ამბობს გიორგი ერმაკოვი. 

გარდა ამისა, დაზიანებულია 7 ნაგვის კონტეინერიც, რომელიც ამ დროისთვის უკვე გამოცვლილია. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, ზარალი ბათუმის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება თუ - აჭარის. 

ბათუმში საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაპროტესტებლად გამართული აქცია გვიან ღამით ფართომასშტაბიან ვანდალიზმში გადაიზარდა, რა დროსაც ვანდალებმა რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის, პოლიციის მანქანებიც დაწვეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიდან ქვაფენილი ამოიღეს და პოლიციის მისამართით დაიწყეს ქვების სროლა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქცია გვიან ღამით სპეცრაზმმა დაშალა, ამ დროისთვის აქციისა და ვანდალიზმის პიკი უკვე დასრულებული იყო. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. შს მინისტრის თქმით, აქციაზე 40-მდე მოქალაქეა დაკავებული.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

 

კომენტარები