გიორგი მამალაძის საქმე

საპატრიარქოს იურისტი: ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ოხანაშვილია

ImediNews

"ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია", - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ კვირის პალიტრასთან საუბარში განაცხადა. 

"მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოწამვლა, გამოძიების პრეროგატივაა, არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პირი, ყველას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია", - ამბობს ქარჩავა და აღნიშნავს, რომ "ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაკითხა გამოძიებამ".

კითხვაზე, "სოსო ოხანაშვილს გულისხმობთ?", საპატრიარქოს იურისტი პასუხობს - "დიახ, დაცვის უფროსი მყავს მხედველობაში, ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია".

პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა. მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი იყიდა და გერმანიაში მიჰქონდა, რა დროსაც დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ფარულად უსმენდნენ, თუმცა, პროკურატურამ არ იცის, ვისგან შეიძინა მან ციანიდი.

კომენტარები