რუსთავი 2-ის საქმე

ჯეჯელავა: უზენაესის გადაწყვეტილება სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ შევა ძალაში

ტაბულა

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება, სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს", - თქვა ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

ჯეჯელავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის 7 მოსამართლე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გამოვიდოდა, რომ სასამართლო დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

"როდესაც სტრასბურგმა რუსთავი 2-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავთ. ეს გასაგებიცაა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს, რუსთავი 2 უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა. ანუ, გამოვიდოდა, რომ სტრასბურგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება, სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მეორე დღეს - განსხვავებულს. მოგეხსენებათ, სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით 10 წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია", - ამბობს ჯეჯელავა და მისი თქმით, როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ "ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად, ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა წლების წინ, ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს".

ვიცეპრემიერის თქმით, რუსთავი 2 წინა ხელისუფლების დროს არ აშუქებდა საქმეებს, რომლებიც სტრასბურგში განიხილებოდა, ახლა კი მისი დამცველია.

"რუსთავი 2-ს სურს, ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ რუსთავი 2 არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან", - თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ასევე, ვიცეპრემიერის თქმით, რუსთავი 2 ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა და ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ყოველდღიურად განიხილავს გადაცემების შინაარსს.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და ქვეყნის შიგნით არ საჩივრდება.

კომენტარები