აქცია ბათუმში

ბოკერია: წლებია, ხდება ძალადობრივი ჯგუფის წახალისება და დაუსჯელობა

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემაში - ხალხის პოლიტიკა, კითხვაზე: "სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა ბათუმში მომხდარი არეულობის დროს?" აღნიშნა, რომ შეცდომები ხელისუფლებამ ბათუმში მომხდარ არეულობამდე გაცილებით ადრე დაუშვა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლები წლებია ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

"შეცდომები იყო იმ საღამომდეც, რადგან ამ ვითარებას, რომელიც ერთი, თუნდაც ყოფითი ინციდენტის შემდეგ დაიწყო თითქოს, აქვს წინაპირობები. თუნდაც, რომ ავიღოთ საზოგადოების იქ შეკრებილი ნაწილის ვერსია, რომ პოლიცია უხეშად მოექცა (ეს ხომ არ არის მიზეზი) - ამას წინ აქვს ძალიან დიდი გაუცხოება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. უკვე წლებია, ეს ადამიანები ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. არის ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, ხალხი გრძნობს თავს მიტოვებულად, რომ არ არსებობს ხელისფულება და ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ ყველაფერი არის კარგად მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება დღითიდღე უარედსება და ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათ არ ემსახურებიან", - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას უკვე წლებია ეწევა და თუკი შენ ემსახურები ივანიშვილის გუნდს და უპირისპირდები მის ოპონენტებს, მაშინ კანონი და ინსტიტუტები არაფერს ნიშნავს. 

"მთავარი ასპექტი არის ის, რომ ძალადობისა და ამ ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, მათი დაუსჯელობა, პოლიციის დამცირება, პოლიციის როგორც ინსტიტუტის დანგრევა და ამავე დროს, იმის დემონსტრირება, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში არ უნდა იყოს ხდება უკვე წლებია. ის ადამიანები ვინც იქ აქტიურობდნენ, ყველას ახსოვს, ცნობილები არიან - ისინი წარმოადგენენ ხელისუფლების იმ ჯგუფებს, რომელსაც ხელისუფლება ქმნიდა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ოღონდ, ამასობაში, ისინი პოლიციელებსაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ და იყვენენ დაუსჯელები ამისთვის, ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ კანონი და ინსტიტუტები არაფერს არ ნიშნავს, თუკი შენ ივანიშვილის გუნდის ინტერესებს ემსახურები და მის ოპონენტებს უპირისპირდები", - თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ როდესაც ხალხი ხედავს ხელისუფლებას, რომელიც მათ ნაცვლად, ერთ ადამიანს ემსახურება, ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება გახდეს არეულობის მიზეზი.

"მძიმე სოციალური ფონი, რომელიც უიმედობას ქმნის და შემდეგ იწვევს ბრაზს, როდესაც ათასჯერ გადააგდებენ ხალხს, როგორც ეს ივანიშვილმა გააკეთა ამ წლების განმავლობაში, როდესაც არის განცდა იმისა, რომ არანაირი პერსპექტივა არ არის და როცა ხედავენ, რომ ხელისუფლება ემსახურება ერთ ადამიანს და საკუთარ კეთილდღეობას, შემდეგ ერთი ინციდენტიც კი შესაძლოა აღმოჩნდეს ამ ტიპის არეულობის გამომწვევი", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები