აქცია ბათუმში

სახალხო დამცველი: ბათუმში, აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში, აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს. ჩვენ 30 ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, ვკითხეთ, თუ რა ვითარებაში დააკავეს. ვაპირებთ 75-ვე დაკავებულთან შეხვედრას. დაკავებულების ნაწილი ამბობს, რომ ბათუმში არ ცხოვრობს", - თქვა ქათამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11-12 მარტს, აქციაზე სამართალდამცველებმა 40 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

 

კომენტარები