აქცია ბათუმში

პრემიერი: არავის არ უნდა შერჩეს ეს მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილს ჰგავდა

Wictor Dabkowski / Zuma Wire

"გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა", - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 11-12 მარტს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ "გამოძიება აუცილებლად მივა დასასრულამდე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა".

დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს - "მოზომილი, მოთმინებული, შეწყობილი მოქმედებებისთვის". მისი თქმით, "ჩვენ შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და, ბეწვის ხიდზე გავიარეთ".

"მინდა, პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 40 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ცნობით კი, ბათუმში, აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი ბათუმში არ ცხოვრობს.

კომენტარები