რუსთავი 2-ის საქმე

გახარია: გაუგებარია, რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული

facebook.com/economypr

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაუგებარია, თუ რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული - ამის შესახებ მან რუსთავი 2 საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

"ჩემთვის დღეს საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ძალიან სერიოზული პრობლემაა. მესმის, რომ შეიძლება, ვიღაცის პოზიციიდან გამოხატვის უფლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ეკონომიკაზე ექნება პირველი ეფექტი. აღსრულების მექანიზმის ასეთ შეჩერებას და საკუთრების უფლების ერთმნიშვნელოვნად, რანჟირების პირობებში, უფრო დაბლა დაყენებას, ვიდრე გამოხატვის უფლება, ჩემთვის პრობლემაა. ვთვლი, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი და ეს საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს. რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა ქეისთან დაკავშირებით შეჩერებულ აღსრულებაზე მეორე მხარე მიმართავს სასამართლოს?"

გახარიას თქმით, ის ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული და მისთვის რისკის შემცველია აღსრულების მექანიზმის "მსგავსი შეჩერება".

"ქვეყანაში "მაუწყებლობის შესახებ" კანონი სულ რამდენიმე ხნის წინ შეიცვალა. ტელევიზიების დარეგისტრირება შეიძლება 10 დღეში და ვიცით, ბოლო რამდენი ტელევიზია დარეგისტრირდა, სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტად დაყენება საკუთრების უფლების წინაშე, ჩემთვის გაუგებარია. ვთვლი, რომ ეს არის რისკების შემცველი. მე, როგორც ეკონომიკის ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზედ სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების მექანიზმების და ინსტრუმენტების მსგავსი შეჩერება, რომელსაც მომავალში შეიძლება საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს" - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და ქვეყნის შიგნით არ საჩივრდება.

კომენტარები