აქცია ბათუმში

აჭარის საპატრულოს უფროსი ბრალდებებს უარყოფს

batumelebi.netgazeti.ge

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, რომლის გადაყენებასაც ბათუმში 11-12 მარტს გამართულ აქციაზე ითხოვდნენ, უარყოფს ფაქტს, თითქოს მან აჭარის მოსახლეობაზე თქვა "თათრებს ვასწავლე ჭკუა", - ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის", - ამბობს ბუხრაძე.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები