რუსთავი 2-ის საქმე

გაბუნია: ფუნდამენტურია ორივე საკითხი - გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება

ზაზა გაბუნია
ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატის ზაზა გაბუნიას თქმით, მმართველ გუნდს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად მიაჩნია როგორც საკუთრების უფლება, ისე გამოხატვის თავისუფლება. გაბუნიამ რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ევა გოცირიძის და გიორგი გახარიას განცხადებები შეაფასა. 

"ევა გოცირიძეს და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გააკეთოს შეფასება ნებისმიერი უწყების და სტრუქტურის, მათ შორის ევროპულის, ამაში არაფერი არ არის ცხადია, ცუდი. რაც შეეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამავდროულად, ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია ორივე უფლება, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე საკუთრების უფლება. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მიგვაჩნია არამართებულად და არასწორად", - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ზაზა გაბუნიას თქმითვე, "აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგი გახარიას და ყველას, ვისაც საკუთრების უფლება ასევე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ფუნდამენტურ უფლებად მიაჩნია".

კითხვაზე, რომ გიორგი გახარიასთვის უფრო ზემდგომია საკუთრების უფლება, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს - "პირველ ადგილზე თუ მეორე ადგილზე, შეიძლება, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა საკითხი დააყენოს. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, აბსოლუტურად ვიზიარებ, ნამდვილად ვიზიარებ გიორგი გახარიას განცხადებას იმ ნაწილში, რომ ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი".

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული. ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების სისტემაზე.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თქმით, "სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, On.ge-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ქიბარ ხალვაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს ჩივილს და სწორედ ამ გზით მოხდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა. 

კომენტარები