გაზის ტარიფი

გაზის ტარიფი შეიძლება გაიზარდოს - 2005 წლის შემდეგ პირველად, სემეკი ტარიფებზე მსჯელობს

0 კომენტარი
პრემიერი მემილიონე ბუნებრივი აირის აბონენტის ქსელში მიერთების ცერემონიაზე ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკისა და წყალომარაგების ეროვნული კომისია (სემეკი) ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფებს განიხილავს. კომისიაში შესულია ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზგამანაწილებლის - "სოკარის" (მათ შორის, მისი შვილობილი "საქორგაზის") და თბილისის გაზგამანაწილებლის "ყაზტრანსგაზის" სატარიფო მოთხოვნები. 

ივლისის ბოლოს გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში გაზის ტარიფი, თუმცა იმის გამო, რომ 2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ტარიფები არ გადახედილა, მათი გაზრდის ალბათობა მაღალია. ამასთანავე, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, აღნიშნული მატების მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ლარის გაუფასურება შეიძლება იყოს. კალაძის თქმით, თუკი ტარიფები გაიზრდება, არაა გამორიცხული, რომ მთავრობამ მისი სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

"ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია და მისი საფასურის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში, დოლარებში ხდება მისი ყიდვა და საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება, ასე რომ, არის შესაძლებლობა, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს", - ამბობს კალაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ტარიფების ზრდას ხელი შეიძლება შეუწყოს, არის ის, რომ სემეკისგან ტარიფის გადახედვას სახელმწიფოს კუთვნილი "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაც" მოითხოვს. აღნიშნული კომპანია მაგისტრალური გაზსადენების მეშვეობით ბუნებრივ აირს კერძო კომპანიებს აწვდის და მისი მიწოდების ტარიფის გაზრდას კერძო კომპანიების გაზის ტარიფზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

დღესვე ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) კვლევა, რომლის მიხედვითაც გასული წლების მანძილზე მხოლოდ ინფლაციის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ტარიფის მატება პრაქტიკულად გარდაუვალია.

"24 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე იმსჯელებს.

საქართველოში კომუნალური ტარიფები ბუნებრივ აირზე 2005 წლიდან არ გადათვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, განხორციელდა ახალი ინვესტიციები, შეიცვალა დოლარის კურსი და მრავალი სხვა გარემოება. მხოლოდ ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი გაზის დღევანდელი ტარიფი იმის დაახლოებით ორჯერ ნაკლებ ღირებულებას შეესაბამება, ვიდრე მისი დადგენის დროს იყო.

ანალიტიკური ცენტრი "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) მიიჩნევს, რომ ტარიფის ოპტიმალური რეგულირების პრინციპები საქართველოში დარღვეულია და მიესალმება იმას, რომ სემეკი, რომელსაც წარსულში შეზღუდული ჰქონდა ეკონომიკური რეგულირების შესაძლებლობა, ამჯერად დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.

შესაძლოა, ტარიფების მოსალოდნელ ზრდას მოსახლეობა და პოპულისტურად განწყობილი პოლიტიკოსების ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდეს, თუმცა, დროა ჩამოვშორდეთ ჩამორჩენილი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პრაქტიკას და ტარიფების ხელოვნურად შემცირების ნაცვლად აქცენტი ეკონომიკის განვითარებაზე, დასაქმებასა და სოციალურ პროგრამებზე გადავიტანოთ, რაც საზოგადოებას მეტ კეთილდღეობას მოუტანს", - წერია WEG-ის კვლევაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები