რუსთავი 2-ის საქმე

გაბუნია: მზად ვართ, მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს

ზაზა გაბუნია
ტაბულა

ქართული ოცნების წევრ ზაზა გაბუნიას მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის მოსაზრებები რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სუბიექტურია, ხელისუფლება კი სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

"ეს არის სუბიექტური განცხადება. მიმაჩნია, რომ არ უნდა წავართვათ ევა გოცირიძეს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასება. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების შეფასება არის ცნობილი, რომ პატივს ვცემთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც მხარემ, მზად ვართ, მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად", - თქვა გაბუნიამ.

ჟურნალისტებმა გაბუნიას ასევე ჰკითხეს, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხომ არ აპირებს მმართველი გუნდი, საკუთრების უფლების დაცვის მოტივით გვერდი აუაროს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. 

"ვფიქრობ, არავის ჩვენი ხელისუფლებიდან ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია, რომ ვინმე აპირებს ამის გაკეთებას. მეჩვენება, რომ ცალკეული ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, იგივე პოლიტიკოსების, თუ სხვა პირების მისამართით, შეუზღუდონ მათ გამოხატვის თავისუფლება. რატომ უკრძალავთ ადამიანებს, ჰქონდეთ საკუთარი შეფასების კრიტერიუმები, მათ შორის, სხვადასხვა საკითხზე. მიმაჩნია, რომ ევროპული სასამართლო გამოიტანს ობიექტურ და სწორ გადაწყვეტილებას", - თქვა გაბუნიამ.

კომენტარები