აქცია ბათუმში

კალაძე: მოიხმარეთ Google, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ

ტაბულა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე მის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერში ბათუმის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საკუთარ FB გვერდზე განმარტავს. იმედის ეთერში მან თქვა, რომ "თუ გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, თუ ვის ინტერესში იყო, მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე".

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 40 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ცნობით კი, ბათუმში, აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი ბათუმში არ ცხოვრობს.

კომენტარები