ჰოლანდია

ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, მარკ რუტეს პარტია იმარჯვებს

AFP

ჰოლანდიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" იმარჯვებს.

ხმების 95 % უკვე დათვლილია. არსებული მონაცემებით, ჰოლანდიის მოქმედი პრემიერიერის, მარკ რუტეს პარტია პარლამენტში 150 ადგილიდან 33 დაიკავებს. 

მეორე ადგილს ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტია" იკავებს. გერტ ვილდერსის პარტია, არსებული მონაცემებით, 20 მანდატს მიიღებს. მესამე ადგილს კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და ლიბერალური პარტია "დემოკრატები-66" იყოფენ. ისინი 19-19 საპარლამენტო მანდატს მიიღებენ. 14 მანდატი მოიპოვა მწვანეების პარტიამ. ლეიობორისტულმა პარტიამ კი ისტორიული მარცხი განიცადა, ახალ პარლამენტში მათ მხოლოდ 9 მანდატი შეხვდებათ [მოქმედ პარლამენტში ლეიბორისტებს 38 მანდატი აქვთ].

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 80 %-ზე მეტს შეადგენდა, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 21 მარტს ჰოლანდიის საარჩევნო საბჭო გამოაცხადებს.

"ზედიზედ მესამეჯერ ჩვენი პარტია გახდა ყველაზე დიდი პარტია ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიელებმა Brexit-ისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უარი უთხრეს პოპულიზმს. ახლა ჩვენ სტაბილური მთავრობა უნდა ჩამოვაყალიბოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ, თუმცა უკვე ხვალ ჰოლანდიის კეთილდღეობისთვის მუშაობას გავაგრძელებთ", - აღნიშნა მარკ რუტემ.

კომენტარები