რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით შეეხო ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილებას

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ევროსასამართლოს აჩვენოს, რომ "არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით შეეხო" ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. რუსთავი ორის საქმის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი ორის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.  

"ჩვენი მიზანია, სტრასბურგის სასამართლოს ერთად ვაჩვენოთ, რომ ჩვენი სასამართლო არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით შეეხო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ისიც გვესმის და ალბათ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გავუმარტოთ, რომ როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, მას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება და ის ვერ შეცვლის უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი ორის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას", - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ "სტრასბურგის სასამართლოს, ერთადერთი, შეუძლია, თქვას, რუსთავი ორის საქმეზე დაირღვა თუ არა კომპანიის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის და ეს. სტრასბურგში ამ დავაზე ვერ დადგება შედეგი, რომელიც გულისხმობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას".

იუსტიციის მინისტრის თქმითვე, სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება, საქმე დააბრუნოს ახალ განხილვაში.

"ვერც რეკომენდაციას ვერ გამოსცემს, რომ დააბრუნოს საქმე განხილვაში, მას შეუძლია თქვას, დაირღვა თუ არა რუსთავი ორის გამოხატვის თავისუფლება, ან რომელიმე ინსტანციის სასამართლოში რაიმე ხარვეზი ხომ არ არსებობდა, თუ ასეთი ხარვეზი არსებობდა, ამის სანაცვლოდ ის დაადგენს კომპენსაციის ოდენობას, საქმე ახალ განხილვაში ქართულ სასამართლოებში ვერ დაბრუნდება, რადგან სტრასბურგის სასამართლო მისივე გადაწყვეტილებებით და იმ კონვენციით, რომლის ხელმომწერებით ვართ ჩვენ, არ გახლავთ მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, ან გააუქმოს შიდასასამართლოების გადაწყვეტილება, ან საქმე დააბრუნოს განხილვაში", - ამბობს წულუკიანი. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "როდესაც კერძო დავაზე ვამბობთ, რომ არ უნდა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ დავაში არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე სტრუქტურას რაიმე ინტერესი ამ დავისადმი". წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში პრეცედენტის შეცვლის მცდელობაა და საქართველოს ხელისუფლების მომდევნო სამართლებრივი დავაც სწორედ ამაზე იქნება აქცენტირებული.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოითქვა კითხვები, თუ როგორ მოხდა ისე, რომ 1959 წლიდან დღემდე არსებული პრეცედენტი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და იმისთვის, რომ პრეცედენტი დაირღვეს და ახალი პრეცედენტი დადგეს, ამისათვის 17 მოსამართლის, ანუ დიდი პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა საჭირო. მაგრამ პრეცედენტს უარი უთხრა ჯერ მორიგე მოსამართლემ, შემდეგ 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სწორედ ამას ეყრდნობოდა, ძირითადად, ჩვენი არგუმენტი, რომ პრეცედენტის შეცვლა ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, კერძო დავაზე მიიღონ ამ ტიპის შეჩერების გადაწყვეტილება, რაზეც მრავალი ათეული წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობდა.

მე მახსოვს, იქ ვმუშაობდი, როდესაც ქიბარ ხალვაშმა, რომლის საკუთრების უფლებაც წინა ხელისუფლების დროს ირღვეოდა, შემოიტანა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მოთხოვნა, შეჩერება, და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა უარი, იმიტომ, რომ პრეცედენტი ამას არ უშვებდა. ახლა არის მცდელობა პრეცედენტის შეცვლისა და ჩვენი მომდევნო სამართლებრივი დავაც იქნება სწორედ ამაზე აქცენტირებული", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული. ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების სისტემაზე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თქმით, "სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, On.ge-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ქიბარ ხალვაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს ჩივილს და სწორედ ამ გზით მოხდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა. 

კომენტარები