გამოძალვა

შსს: ბრალდებული მოქალაქეს $200 000-ს სძალავდა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ დ. ბ.-ს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა გ.ა. მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, GOLD STAR-2002-ის და WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, რომლებითაც გ.ა. მუქარას ახორციელებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები