რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია: ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა არავის შეუძლია

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არავის შეუძლია.

"საქართველოს ხელისუფლებიდან არავის არ უთქვამს და, დარწმუნებული ვარ, არც იტყვის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო სავალდებულო. მისი გადაწყვეტილება არის სავალდებულო არის ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის, ამიტომ, მის გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ჩვენ ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სასამართლოს უმაღლესი ინსტაციის გადაწყვეტილებას, რომელიც ასევე სავალდებულოა. ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა არ შეუძლია არავის. ასევე, პატივს ვცემთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს იქნება დროებითი ღონისძიება თუ საბოლოო, ვნახოთ, როგორი იქნება შემდგომი ეტაპი", - ამობს ბესელია.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები