ბიუჯეტი 2017

ჭიაბერაშვილი: რატომაა შეუძლებელი, რომ მთავრობამ 1 მილიარდით შეამციროს ხარჯვა?

ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ პარტია ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი საგადასახადო ლიბერალიზაცია "სრულიად წარმოუდგენელი და შეუძლებელია", ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა. ჭიაბერაშვილის თქმით, გაუგებარია, თუ რატომაა ხარჯების 1.2 მილიარდით შეკვეცა შეუძლებელი, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, დღევანდელზე 1 მილიარდით ნაკლები თანხის დახარჯვა იგეგმებოდა.

"ბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათქმა, ჩვენი ინიციატივა არ ითვალისწინებს ბიუჯეტის შემოსავლების 1.5 მილიარდით შეკვეცას, ჩვენი გათვლებით ეს შემცირება იქნება 1.2 მილიარდი, მაგრამ ეს რესურსი ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ უკიდეგანოდ არის გაზრდილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები, მათი მინისტრების, ჩინოვნიკების ხელფასები. ქუმსიშვილის პასუხი აშკარად თავდაცვის პოზიციაშია, კატეგორიულად არ უნდა არც ქუმსიშვილს, არც ბატონ კვირიკაშვილს და არც სხვა მინისტრებს, რომ მოიკლონ საკუთარი კეთილდღეობა, დანამატები და პრემიები, მოიკლონ თავისი ჩაწყობილი ტენდერები და გაზრდილი კორუფციის შედეგად პირადი სარგებელი და ამისათვის ისინი კვლავ ცდილობენ, რომ მძიმე გადასახადებით მოახრჩონ მცირე და საშუალო ბიზნესი.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, თავად ბატონმა ქუმსიშვილმა 2016 წლის სექტემბერში წარადგინა 2017 წლის ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცებულ, დღეს მოქმედ ბიუჯეტის ვარიანტზე 1.2 მილიარდით უფრო ნაკლებ ხარჯს ითვალისწინებდა, და მინდა დავსვა კითხვა, თუკი შესაძლებელი იყო 2016 წლის სექტემბერში, 2017 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო ისე დაგეგმილი, რომ ხარჯი არ გაზრდილიყო 1 მილიარდზე მეტად, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ივანიშვილის ბიუროკრატიამ ეს ხარჯი მოიკლოს დღეს? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს მილიარდიანი ნამატი არ ითვალისწინებდა ერთი თეთრითაც კი პენსიის მატებას, არ ითვალისწინებდა პოლიციისთვის ხელფასების მატებას, ანუ ისევ ეს ნამატი, რომელიც დაიმტკიცა ქართულმა ოცნებამ და რომელიც მოპარა ოცნებამ ხალხს ჯიბიდან, ეს ფული ისევ და ისევ ქართულმა ოცნებამ მიმართა საკუთარ პირად კეთილდღეობაზე და მიმართა იმ ტიპის პროგრამებზე, რომლებიდანაც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები ნახავენ სარგებელს", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს 7-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, უნდა განახევრდეს აქციზის გადასახადი, განახევრდეს საშემოსავლო გადასახადი და შემცირდეს სხვა გადასახადები. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამ გადასახადების გაუქმებით ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება, რისი კომპენსაციისთვისაც მთავრობამ ან საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, ან პენსიების გაცემაზე, ანაც საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების არსებულ დონეზე შენარჩუნებაზე უნდა თქვას უარი. 

ევროპული საქართველოს 7-პუნქტიანი ინიციატივა:

  1. ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს;
  2. დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ;
  3. უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს;
  4. საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე;
  5. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე;
  6. იმპორტის გადასახადი გაუქმდეს;
  7. საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

კომენტარები