მინისტრასბურგი

საკონსტიტუციო კომისია "მინისტრასბურგის" მოდელის შექმნაზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს "მინისტრასბურგის" მოდელად გადაკეთებაზეც იმსჯელებენ. 

"მინისტრასბურგი" გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ გარდა ნორმატიული აქტების გადასინჯვისა, კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც გადასინჯოს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეცაა, რომლის თქმითაც, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2010 წელს წარუდგინეს მაშინდელ საკონსტიტუციო კომისიას. მენაბდე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რიცხვს შეამცირებს. 

"ამგვარი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს მეტ უფლებამოსილებას და ქვეყნის შიგნით ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში ამოწმებს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთაც შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ კონსტიტუციის განმარტების და ამგვარად, არსებობდეს პრობლემები მათ გადაწყვეტილებებში", - ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი მოდელი უკვე აპრობირებულია გერმანიაში, ესპანეთსა და აზერბაიჯანში. 

მენაბდის ინიციატივას არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე. "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ "სტრასბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს".

"მინისტრასბურგთან" დაკავშირებით, ინიციატივა ქალბატონი ნინო გვენეტაძისგან მოვისმინე, შემდეგ, ბატონი მერაბ ტურავასგან. მერე ვნახეთ, სტრასბურგის სასამართლომ, ანუ რეალურმა, დიდმა სტრასბურგმა, პრაქტიკულად, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მოუწოდა მთავრობას, არ ჩაერიონ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ, "მინისტრასბურგზე" ლაპარაკი არასერიოზულია იმიტომ, რომ როგორი შიდასახელმწიფოებრივი ახალი მექანიზმიც უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ამ საშუალებების ამოწურვის შემდგომ ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს სხვადასხვა გადაწყვეტილების ევროკონვენციასთან შესაბამისობას. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს, ეს არის აბსურდული მტკიცება", - ამბობს ოთარ კახიძე.

ტაბულა კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს დაუკავშირდა, რომელსაც "მინისტრასბურგის" შეფასება სთხოვა. ზედელაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მოდელის მიმართ მისი დამოკიდებულება დადებითია, თუმცა მოცემულ სიტუაციაში, შესაძლო ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს. 

"გრძელვადიან პერსპექტივაში და, ზოგადად, თუ დავსვამთ კითხვას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს თუ არა ლოგიკურად ეგ ფუნქცია, რა თქმა უნდა, პასუხი არის დადებითი - უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს სკეპტიციზმის საფუძველი, თუ რას შეცვლის ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკურ ვითარებაში და იმ ინსტიტუციური პოლიტიკის ფარგლებში და იმ მდგომარეობაში, რაშიც საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდა ბოლო დაპირისპირების მერე ხელისუფლებასთან, აქ მე სკეპტიკური ვიქნებოდი იმის მიმართ, თუ რა დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია ამ ცვლილებას ახლა", - ამბობს ზედელაშვილი. 

კომენტარები