აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტილერსონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს

Reuters

სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ ამერიკის "სტრატეგიული მოთმინების" პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეისადმი დასრულდა და მიანიშნა, რომ თავის დაზღვევის მიზნით, ამერიკამ შესაძლოა გადადგას წინასწარი სამხედრო ნაბიჯები.

ტილერსონის თქმით, აშშ-ის ახალი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ნაბიჯების გადადგმასაც გაითვალისწინებს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს, თუმცა თუ მათი ბირთვული იარაღის პროგრამიდან მომდინარე საფრთხე იმ დონეს მიაღწევს, რომ, ჩვენი აზრით, სამხედრო ჩარევა აუცილებელი გახდება, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს", - თქვა ტილერსონმა.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ტილერსონი ასევე განაახლებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ზომებს.

გარდა ამისა, ტილერსონმა დაიცვა აშშ-ის მიერ სამხრეთ კორეაში სარაკეტო სისტემის განთავსება.

სისტემის განთავსებამ ოფიციალური ჩინეთის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თქმით, სარაკეტო სისტემა აუცილებელია ჩრდილოეთ კორეისგან თავის დასაცავად.

კომენტარები